''როგორც გვითხრეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს'' - სახალხო დამცველის აპარატი

02 აპრილი 2019, 00:00 1318 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული ის ექვსი აქტივისტი მოინახულა, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნით აქციის მსვლელობის დროს პოლიციამ დააკავა.

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვენახა ისინი,  პრეტენზიებს არ გამოხატავენ უშუალოდ დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გვითხრეს წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. ჩვენ გავეცნობით ვიდეო ჩანაწერებს და ერთიანად შევაფასებთ სიტუაციას.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 6 ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანი მოვინახულეთ," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ. 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აიყვანა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გზის გადაკეტვის მცდელობისას დაიწყო. მოქალაქეებმა ჭავჭავაძის 5 ნომერში, იმ სამშენებლო ობიექტის ჯებირი დაამტვრიეს, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა.

ორგანიზაცია ''ახალგაზრდა მწვანეების'' ინფორმაციით კი აქციაზე დააკავეს: ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში