ქვეითებისთვის სახიფათო გზა, სადაც არც ზებრა გადასასვლელები ჩანს და არც შუქნიშნებია

22 მარტი 2019, 00:00 2074 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოქალაქეები ზებრა გადასასვლელებს ითხოვენ. გაგარინის გადასახვევიდან ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ შენობამდე, 7 კილომეტრიან მონაკვეთზე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სულ 9 ზებრა გადასასვლელი დათვალა, რომელიც იმდენად წაშლილია, რომ მისი დანახვა ქვეითებსაც უჭირთ.  ზებრა გადასასვლელები არ არის არც შიდა გზებზე, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს უერთდება.

სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ქვეითები აქტიურად გადაადგილდებიან და  მათი დაშავების რისკი მაღალია. მით უფრო, რომ ტერიტორიაზე არც შუქნიშნები დგას.

ქალაქის ეს ნაწილი სამრეწველო ზონაა, ამიტომ განსაკუთრებით აქტიურად მოძრაობენ ტრაილერები, რომლებიც სამშენებლო მასალებით არიან დატვირთულები.

სახელმწიფო მნიშვნელობის გზის გასწვრივ, მჭიდროდ დასახლებული პუნქტებია, დამატებით, ტერიტორიაზე ინტენსიურად ხდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც. 

რატომ არ არის საგზაო ნიშნები და რამდენად უსაფრთხოდ არიან ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები? ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რუკის მიხედვით ქალაქის ამ ნაწილზე, საგზაო ნიშნების მოწყობა მერიის კომპეტენცია არ არის. როგორც აგვიხსნეს,  მოქალაქეების მოთხოვნა ზებრა გადასასვლელების თაობაზე, წერილობით მუნიციპალიტეტშიც შევიდა, თუმცა მოქალაქეებს უპასუხეს, რომ წერილი აჭარის საგზაო დეპარტამენტში გაეგზავნათ.

მერიაში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემაც არ არის მათი ვალდებულება.

''მოქალაქის მომართვის საფუძველზე, თუ საკითხის ქალაქის ტერიტორიას ეხება საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ხდება საკითხის გადაწყვეტა. საპატრულოს ეგზავნება, მათი რეკომენდაციის საფუძველზე კი ხდება როგორც შუქნიშნის დადგმა, ასევე ზებრა გადასასვლელების დახაზვა.  თუ კი არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, ამ შემთხვევაში განცხადების ავტორს პასუხი ეგზავნება, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციაში ცდება და მიმართონ საგზაო დეპარტამენტს. თუ დაინტერესებულია მოქალაქე, მიმართავს შესაბამის უწყებასაც''  - გვითხრეს მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ზებრა გადასასვლელების თავიდან დახაზვას მომდევნო თვეში გეგმავენ. შესაძლოა, გაითვალისწინონ მოქალაქეების მოხ​თოვნა და დაამატონ ზებრა გადასასვლელები, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

„ზებრა გადასასვლელები ძველი დახაზული არ არის, ის 2018 წლის ნოემბერში დაიხაზა, მაგრამ რადგან კოლექტორები არ არის ამ ტერიტრიაზე რეაბილიტირებული, წყლის ნალექი ადვილად შლის. მომდევნო თვეში უნდა შედგეს პროექტი და თავიდან დაიხაზოს გზა. შესაძლოა დაემატოს ზებრა გადასასვლელებიც, რადგან მჭიდროდ დასახლებული პუნქტია“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ირაკლი მაჩალაძემ.

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაზიანებული გზის რეაბილიტაცია წელს არ იგეგემება, გაზაფხულზე მხოლოდ გზის ორმული შეკეთებაა დაგეგმილი იმ ნაწილში, სადაც გზა დავიწროებულია.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში, მოქალაქეები ცენტრალურ მაგისტრალზე გაჩენილი ორმოების გამო ავარიული სიტუაციების მატებაზე საუბრობდნენ. ფოტოებში ჩანს, რომ გზის რიგ მონაკვეთებზე, დიდი ღრმულების შედეგად, გზა ხელოვნურად დავიწროებულია. ავტომანქანის მძღოლები გზის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე მოძრაობენ და ეს საცობებს ქმნის.

ბათუმის მერიისგან ვცდილობდით მიგვეღო ინფორმაცია, დაიდგმება თუ არა მაგისტრალზე შუქნიშანი, დაიხაზება თუ არა შიდა გზები, რომელიც მათ კომპეტენციაშია, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ამავე კატეგორიაში