''ბათუმის დამცველები'' პრემიერს - უმოქმედობით პასუხისმგებელი იქნებით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე

11 თებერვალი 2019, 00:00 2205 ნახვა

საზოგადოება "ბათომი", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე წლებია მუშაობს, საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავს და ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებაში მის ჩართულობას ითხოვს. 

საზოგადოება "ბათომის"  გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ბათუმის ისტორიული ზონის დადგენა, რომლის მრავალდისციპლინარულ კვლევაზე, სხვადასხვა დროს, ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დახარჯა, თვითნებურად შეცვალა, რის გამოც, საქართველოს მთავრობა დოკუმენტს არ ამტკიცებს და მერიას ხარვეზების გამოსწორებას თხოვს. ორგანიზაცია ეჭვს გამოთქვამს, რომ ბათუმის მერიის მხრიდან დოკუმენტში შეტანილი თვითნებური ცვლილებები, კონკრეტული ინვესტორების სასარგებლოდ ხდება, რაც გაანადგურებს ძველ ბათუმს.  

პარალელურად კი, ძველ ბათუმში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ისტორიული დაცვის ზონა უნდა გარცელდეს, ისტორიული სახლების დანგრევაზე და სასტუმროებით ჩანაცვლებაზე ნებართვების გაცემაზე მსჯელობენ ე.წ. "ზონალურ საბჭოზე". 

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: 

 

                                                          მ   ი  მ   ა   რ   თ  ვ   ა

საქართველოს მთავრობაში წარდგენილია დოკუმენტი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის საფუძველია ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა. ამ მრავალდისციპლინარულ კვლევაზე სხვადასხვა დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასობით ათასი ლარი.

2017 წელს  ბათუმის თვითმმართველობის დაკვეთით კიდევ ერთხელ  მოხდა  ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონის საზღვრების გადამოწმება. აღნიშნული დოკუმენტი ბათუმის  მერიამ 2017 წლის ნოემბერში  ჩაიბარა, თუმცა მოგვიანებით,  თვითნებურად, კვლევისა და დასაბუთების გარეშე, შეცვალა ის. 2018 წლის ოქტომბერში კი, დასამტკიცებლად გააგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროში.

ვინაიდან ცვლილება არ ეფუძნება  კვლევას, უფლებამოსილმა ორგანომ, საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ნოემბერში ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერიისგან საკითხის შესწავლის მიზნით  მოითხოვა დამატებითი მასალა, რომელიც დაასაბუთებდა განხორციელებული კორექტირების მიზანშეწონილობას. დოკუმენტაცია სამინისტროში დღემდე არ არის წარდგენილი.

აღნიშნული პროცესის გამო  შეფერხდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცების პროცესი; შეიქმნა სტაგნაცია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისტორიული ქალაქის შენარჩუნებასა და გონივრულ განვითარებას.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  ხელოვნურად ფერხდება აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება, რათა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების საზიანოდ ხელ–ფეხი გაუხსნან კონკრეტულ კერძო ინვესტიციებს. ამაზე თვალნათლივ მეტყველებს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს –  კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს (ე.წ. „ზონალური“ საბჭო) მიერ  დაცვის ზონაში არსებულ შენობებთან დაკავშირებით მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. თუ ასე გაგრძელდა, ისტორიულ ქალაქს სრული განადგურება ემუქრება. 

ქალაქ ბათუმის ისტორიული ნაწილის – ძველი ბათუმის დამცველები საქართველოს მთავრობისგან  მოვითხოვთ უსწრაფესად  მოითხოვოს  თვითმმართველობის  ორგანოსგან კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის აუცილებელი, მეთოდოლოგიურად სწორად შემუშავებული და კვლევებით გამყარებული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს ის. 

სხვა შემთხვევაში  თქვენ, ისევე  როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანამონაწილენი და პასუხისმგებელნი იქნებით  ჩვენი უმნიშვნელოვანესი  კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე.

 

საზოგადოება  ''ბათომი''

 

 

ამავე კატეგორიაში