ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მერთან შეხვედრას მდუმარე აქციით ითხოვენ 

29 იანვარი 2019, 00:00 2302 ნახვა

ბათუმის მერიის წინ, ვარდების სკვერში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები და მდუმარე აქციას მართავენ. 

''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ისინი აქციაზე პლაკატებითა და აირწინაღებით მივიდნენ. 

საინიციატივო ჯგუფის წევრი ​ვატო მებურიშვილი ამბობს, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა, მამუკა ბახტაძის დავალება შეასრულა.  

'' საკითხი უკვე ისეთ ეტაპზეა მისული, რომ ბათუმის მერის ხელმოწერა აკლია. 23 იანვარს ყველანაირი პროცედურების დარღვევით, გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და დადო დასკვნა, რომ ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. დარღვევა იმიტომ არის, რომ იხელმძღვანელა 2009 წლის დოკუმენტით (გეზეშე) და არ ჩათვალა საჭიროდ ახალი კვლევების ჩატარება. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, რატომღაც მაინც არ ჩათვალა საჭიროდ. აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ვიცით ეს იყო მამუკა ბახტაძის მოთხოვნით და ზეწოლით გაკეთებული. რაც შეეხება ბათუმის მერს, ის ჩვენი, ხალხის არჩეულია და ამ ხალხს უნდა დაუდგეს გვერდით. არ აშენდეს ქიმიური ტერმინალი'' - ამბობს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

მოქალაქეთა ნაწილი, ბათუმის პორტში დაგეგმილი ტერმინალის მშენებლობას,  დაახლოებით ერთი თვეა აპროტესტებს. 

20 იანვარს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  

კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება კი, მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს.

 

ფოტო: ანა ახალაძე

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში