აფეთქების საქმეზე დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

02 ნოემბერი 2018, 00:00 1727 ნახვა

ცოტა ხნის წინ, 6 წლის ბავშვის გარდაცვალებისა და უნებართვო აფეთქების ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საგამოძიებო უწყება სამ პირს ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას ედავება, ადვოკატი კი ამტკიცებს რომ ისინი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ და წარმოება -წარმართვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის სასამართლოში  ხვალ წარადგენენ. დღეს კი მთელი დღეა ხელვაჩაურის პოლიციაში ლიცენზიის მფლობელი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან გამოკითხვაზე.

ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს „ალბაირაქას“ წარმომადგენელი არ უარყოფს რომ უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, თუმცა ადვოკატის მსგავსად ამტკიცებს რომ ისინი არ იყვნენ პასუხისმგებლები აფეთქებაზე. გია ღოღობერიძე ირწმუნება რომ მეორე ქვეკონტრაქტორს შპს „დინამიტი-ლ.დ“-ს ჰქონდა აფეთქების ნებართვა თუმცა, მან დოკუმენტი ვერ გვაჩვენა და გვითხრა რომ ყველა საბუთი საგამოძიებო უწყებაშია. 

ცნობისთვის, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შემთხვევიდან მალევე გაავრცელა ინფორმაცია და დღესაც ირწმუნება, რომ ამ ობიექტზე არცერთი კომპანიისთვის არ მიუციათ აფეთქების ნებართვა. შსს-ში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, აცხადებენ რომ არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირების ბრალეულობაც. 6 წლის ბიჭი სახლის ეზოში მას შემდეგ დაიღუპა, რაც კარიერაზე აფეთქების შედეგად ასხლეტილი ქვა მოხვდა. იგი აფეთქებიდან დაახლოებით 100 მეტრში იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში