ჩქმეტა, ყურის აწევა და სხვა ფიზიკური დასჯა საბავშვო ბაღში - ფაქტზე საქმე აღძრულია

19 ოქტომბერი 2018, 00:00 16333 ნახვა

''კერძო ბაღში ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ, რის გამოც სამართალდამცველებსაც მივმართე - ამბობს დედა, რომლის ტყუპი ბიჭებიც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში დადიოდნენ. 

მშობელი ყვება, რომ პატარებს სხეულზე რამდენჯერმე ​ ჩალურჯებები შენიშნა. დაახლოებით სამი თვის წინ კი მძღოლმა, რომელსაც ბიჭები ბაღიდან სახლში გადაჰყავდა, ბავშვებზე იძალადა. 

''ჯოხით არ სცემდნენ, მაგრამ ჩქმეტდნენ, ბიჭები სახლში ჩალურჯებებით მოვიდნენ. ერთხელ კი მძღოლმა წამოსვლისას ყურზე დაქაჩა, ''ჩუმად იყავიო. ასეთი ფორმით ბავშვებთან ურთიერთობა მიუღებელია. 

5 წლის ტყუპები აღნიშნულ კერძო ბაღი რამდენიმე თვეა აღარ დადიან. დედამ პროცესში სამართალდამცველების ჩართვა გადაწყვიტა და ადმინისტრაციას უჩივლა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ძალადობის ფაქტებს კი როგორც დედა ამბობს, წინ ინციდენტი უძღოდა. ერთი წლის წინ ერთ-ერთმა ტყუპმა, ძიძების დაუდევრობით მონეტა გადაყლაპა. დედა ყვება, რომ პატარას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. მას კი ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს. 

მომხდარს არც ბაღში უარყოფენ, ძიძა ირწმუნება, რომ მონეტა პატარამ, სავარაუდოდ, სახლიდან წამოიღო. ''დავინახე მინდოდა გამომერთვა, მაგრამ უცებ პურში ჩაიდო და გადაღლაპა. ექიმი გამოვიძახეთ. ჩვენ აქ ხურდა ფული არასდროს გვაქვს, პატარა მას შენობაში ვერ იპოვიდა''. 

მშობელმა მომხდარს ''გაუგებრობა'' უწოდა და ამის გამო, მაშინ შესაბამისი ორგანოებისთვის აღარ მიუმართავს. 

ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ ბაღში. დირექტორი ამბობს, რომ ტყუპები ცელქები იყვნენ, რის გამოც ოჯახთან შეთანხმებით სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილეს. 

''ეს არის ცილისწამება, ეს არის უაზრო ბრალდება, არ ვიცი დედამ ეს რატომ გააკეთა. ბავშვებზე ძალადობის ფაქტი არ ყოფილა, ყოველ დღეს სამსახურში ვარ და ვიცი მასწავლებლებს რა ურთიერთობა აქვსთ ბავშვებთან'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დირექტორმა ლელა დიდმანიძემ

კერძო ბაღში ბავშვთა ფსიქოლოგი არ ჰყავთ. 

სოციალურ ქსელში მშობლები საჯარო და კერძო ბაღებში არსებულ პრობლემებზე ხშირად წერენ. მათ ნაწილს პრეტენზიები ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებაზეც აქვს. დედები ყვებიან, რომ ხშირად პატარები დაზიანებებს იღებენ, ამის შესახებ კი ოჯახის წევრებს ან დღის ბოლოს ეუბნებიან ან საერთოდ რეაგირების გარეშე ტოვებენ. 

უფრო მეტი დეტალი და დაზარალებული დედის ინტერვიუ ნახეთ ვიდეოში: 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში