ბათუმის მერი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს

28 სექტემბერი 2018, 00:00 14287 ნახვა

"საზოგადოებას კომპლექსი ჩამოუყალიბდა ცათამჯენების" - ასე ფიქრობს ბათმის მერი პროექტებზე, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლში, ბულვარის მიმდებარედ, 9 ცათამბჯენის მშენებლობას ეხება.

აქედან ერთის, მერიოტის 54 სართულიანი შენობის ნებართვა უკვე გაცემულია. მერიოტის გვერდით კომპანია "ორბი" ორი მაღალი შენობის ჩადგმას გეგმავს, ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 6 ასეთი მშენებლობის პროექტი მზადაა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ ამ საკითხებზე ქალაქის მერთან ისაუბრა.

თეონა ბაკურიძე (ჟურნალისტი): ბატონო ლაშა, ნებართვა გაგიციათ 54 სართულიანი სასტუმროს აპარტამენტის მშენებლობაზე, რუსთაველის ქუჩაზე, ზღვისპირა პარკთან ახლოს. მოგწონთ კომპანია "ალიანსის" ეს პროექტი ?

ქალაქის მერი ლაშა კომახიძე: ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებს ზოგადად ცუდი არაფერი არ არის. თუკი მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის დაგეგმილი 5 ვარსკვლავიანი, სუფთა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ''მარიოტის'' ქსელის გაკეთება, ვფიქრობ, რომ ეს არის ქალაქისათვის შესანიშნავი ტურისტული შესაძლებლობა.

- ზღვისპირა ზოლზეა საუბარი? ჩვენ როგორც ვიცით, "ალიანსის" გვერდით ორივე მხარეს "ორბი ჯგუფს" აქვს ნაყიდი ტერიტორია და იქაც არის პერსპექტივაში აშენდეს ცათამბჯენები. 

- თქვენ არ გინახავთ უამრავ ქალაქში ზღვისპირა ზოლში სწორედ გაკეთებული ცათამბჯენები?  

- ჩვენი ტურიზმის ხიბლი რაშია ბატონო ლაშა? ჩვენი ტურიზმის ხიბლი ხომ არის იმ ძველ ქალაქში, რის გამოც ადამიანები ჩამოდიან სანახავად. ცათამბჯენების სანახავად ჩამოდიან?

- იქ არ არის ძველი ქალაქი, ეს ერთი. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ. იქ, სადაც ახალი ერწყმის თუნდაც ძველს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და რადგანაც თქვენ დასვით კითხვა, რაში არის ჩვენი ხიბლი, ჩვენი ხიბლი ზუსტად ბევრი ტურისტისგან მომისმენია, რომ არის ახლისა და ძველის სწორ სინთეზში. და ზოგადად ის, რომ ტურიზმის განვითარება სჭირდება თამამი გადაწყვეტილებები, სჭირდება თანამედროვე სასტუმროებიც, სჭირდება ცათამბჯენებიც, მაგრამ რა თქმა უნდა გემოვნებით და დახვეწილად გაკეთებული.ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს

- ახალი ცათაბჯენების იდეა და კონცეფცია აქვს კომპანია ''რივიერას'', რომელიც ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენებას გულისხმობს, კონცეფციაზე რას ფიქრობთ? ქალაქის ამ ნაწილშიც ჩაიკეტება სივრცე ზღვისკენ? 

-  პროექტი განხილვის ეტაპზეა. დაიწყება მისი განხილვა და ადმინისტრაციული წარმოება გეერგესი (განაშენიანების რეგულირების გეგმა) საკრებულოშიც. კომპანიამაც გააკეთა პრეზენტაციები საზოგადოებასთან, მედიასთან. დაველოდოთ, მოვუსმინოთ მოსაზრებები

- გავქვთ უკვე კომპანიასთან რაიმე მოთხოვნები, შენიშვნები? . 

- ჯერ ნაადრევი ეტაპია, გეერგე არ გულისხმობს კონკრეტული პროექტების განხილვა. ის გულისხმობს ტერიტორიის სამშენებლოდ დაგეგმვას და განსაზღვრავს. ჩემთვის უცნობია იქ რა ტიპის არქიტექტურა უნდა გაშენდეს, ეს შემდეგ იქნება. 

 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში