მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს

02 აპრილი 2018, 00:00 1939 ნახვა

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. მსოფლიო მხარს უჭერს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და ხმას იმაღლებს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

2018 წელს მსოფლიომ ყურადღება აუტიზმის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვაზე გაამახვილა, რომლებიც წინააღმდეგობებს აწყდებიან განათლებისა და დასაქმების კუთხით. ასევე, ირღვევა მათი უფლებები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა  და დამოუკიდებელად გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში.

"გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა უნდა წვდებოდეს და ეხებოდეს ყველა ქალსა და გოგონას. ხელი უნდა შევუწყოთ აუტიზმის მქონე ყველა ადამიანის სრულ მონაწილეობა საზოგადოებაში,რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა " - წერია გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ გზავნილში. 

"საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და მომსახურებების ნაკლებობა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. გაწეული მომსახურების ხარისხი, პერსონალის სიმწირე და კვალიფიკაცია.

ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში არსებული ხარვეზები და  არასაკმარისი მხარდაჭერა აფერხებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ ამ უფლების პრაქტიკულ რეალიზებას.

გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია დაიგეგმოს აუტიზმის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ეფექტური ღონისძიებები, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით" - წერია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ყველა პირს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში. უზრუნველყოს მათი სათანადო მხარდაჭერა, რათა სხვა პირთა თანაბრად შეძლონ  სრული მონაწილეობა საზოგადოებაში.

ამავე კატეგორიაში