"ბათუმის ავტოტრანსპორტში" დასაქმებულ მძღოლებს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოთ

23 მარტი 2018, 00:00 11057 ნახვა

"ბათუმის ავტოტრანსპორტში" დასაქმებულ მძღოლებს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოთ. ცვლილებები 2018 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ბათუმის მერია, მძღოლების შრომის ანაზღაურების გაზრდას  სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გეგმავს.

‘’ბათუმის ავტოტრანსპორტში‘’ მძღოლის შტატით 314 ადამიანი მუშაობს. ისინი ანაზღაურებას საათობრივად იღებენ. ერთ საათში 5 ლარი და 75 თეთრია (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გათვალისწინებული.  

ბათუმის მერია გეგმავს ერთ საათში ასანაზღაურებელი თანხა 0,50 თეთრით, 6 ლარსა და 25 თეთრამდე გაზარდოს.   

მძღოლები თვეში 24 დღეს,  დღეში კი  საშუალოდ 8 – 9 საათს მუშაობენ. სამუშაო გრაფიკსა და განრიგს სამსახურის უფროსი ადგენს.

‘’ბათუმის ავტოტრანსპორტში‘’ აცხადებენ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის დროს განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. ამ შემთხვევაში დასაქმებულებს 5 ლარსა და 75 თეთრზე, 20%-იანი დანამატი ერიცხებათ.

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებს ხელფასი ბოლოს, 2016 წლის შემოდგომაზე გაეზარდათ. 

ამავე კატეგორიაში