ფასიანი თუ უფასო აცრა - მშობლები დილემის წინაშე

05 ოქტომბერი 2017, 00:00 8789 ნახვა

ბავშვებში ორი თვის ასაკიდან გეგმიური ვაქცინაცია იწყება. მშობლები არჩევანის წინაშე დგებიან. ფასიანი თუ უფასო აცრა?  ნაწილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობს, პოლიკლინიკებში მიდის და პატარას ვაქცინაციას უკეთებს. აცრა ექვსი დაავადების: დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰეპატიტი B, ბ ტიპის ჰომოფილუს ინფლუენცა და პოლიომიელიტი საწინააღმდეგო კომპონენტს მოიცავს.

მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ფასიანი აცრა უფრო ეფექტურია. მას ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.  პატარა კი თავს კომფორტულად გრძნობს. ვაქცინა რამდენიმე სააფთიაქო ქსელში იყიდება და მისი ღირებულება დაახლოებით 150 ლარია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული ყველა ვაქცინა მაღალხარისხიანია.  მისი მწარმოებელი და მომწოდებელი კი ბაზარზე ძალიან ცოტაა. ნინო ნიჟარაძე ირწმუნება, რომ ფასიან და უფასო აცრას შორის ხარისხის კუთხით განსხვავება არ არის. „უფასო ეს მოქალაქეებისთვისაა. ბენეფიციარს  ვაქცინა უსასყიდლოდ რომ მივაწოდოთ, სახელმწიფო წამალში მილიონობით თანხას იხდის.  ყველა ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის სერტიფიცირებულია. განსხვავება შეფუთვაში  და დოზაშია. თუ უფასო ვაქცინაცია 10 დოზიანია. ფასიანი მხოლოდ  ერთ დოზას შეიცავს“ - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენებს, ნინო ნიჟარაძე გართულებულ შემთხვევებს ვერ იხსენებს. ამბობს, რომ ტემპერატურა და ჭირვეულობა პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით ეს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად საჭიროა.

ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმიურად მიმდინარეობს. არიან მშობლები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი