''მოჭრილი ხე გამოიყურება ჯანსაღად მაგრამ ჯანმრთელი არ იყო და ტყეში ამოსულს ჰგავდა''

18 მაისი 2017, 00:00 10168 ნახვა

მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხიმშიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ხე ბათუმის გამწვანების სამსახურმა მოჭრა. ლევან ჭანუყვაძის განმარტებით,  აღნიშნულ  ტერიტორიაზე დღესვე დაირგვება სანაცვლოდ ახალი ხე.

ჩვენთან საუბრისას დროს ლევან ჭანუყვაძეს ქალაქის მერი ტელეფონით დაუკავშირდა. ლევან ჭანუყვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტა, რომ  გიორგი ერმაკოვმა ხის მოჭრის გამო უსაყვედურა. “მითხრა რომ ასეთი გადაწყვეტილება მასთან შეთანხმების გარეშე არ მივიღო, თუ მე ვარ სამსახურის უფროსი გადაწყვეტილებაც მე უნდა მივიღო” - აცხადებს გამწვანების სამსახურის უფროსი.

ლევან ჭანუყვაძის განცხადებით, ქალაქში ყველა ამორტიზებულ და უსახურ ხეს  გადაჭრიან და სანაცვლოდ ახალს დარგავენ. “თუ თითოეულ ხეზე ასეთი წინააღმდეგობა შემხვდა, მაშინ ვეღარ მიმუშავია. ხვალიდან მივადგებით და სხვადასხვა უსახურ ხეს მოვჭრით, მინიმუმ 20 უკვე შერჩეულია და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. მუშაობას ვაგრძელებთ”.  მისივე განმარტებით, უკვე აღრიცხულია ხეები (მაგალითად მუშმულა, ტყემალი), რომელთაც მიზანშეწონილად არ თვლიან. “ზოგი მუშმულა კარგად გამოიყურება, მაგრამ იმ ადგილზე ყოფნა, სადაც არის არ ეკუთვნის. ქუჩაში ნარგავებს სისტემის სახე უნდა ჰქონდეს.” - აცხადებს ლევან ჭანუყვაძე.

რაც შეეხება კითხვას, როგორი ხედვა აქვს გამწვანების სამსახურს და როგორ აფასებს ქალაქში მრავალწლიანი ნარგავების სიმცირეს,  ჭანუყვაძე ასე გვპასუხობს: “ეს არის კატასტროფა და უბედურება და ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაც უსახური და არაჯანმრთელი ხეა, ის უნდა მოიჭრას და სანაცვლოდ ახალი დაირგას”.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში