დათო გაბელაიას მუსიკალური გზა

15 მაისი 2025, 15:08 298 ნახვა

დათო გაბელაიას მუსიკალური გზა

Dato Alaplaya-ს (დათო გაბელაიას) მუსიკალური გზა თბილისში, სკოლის ასაკში მეგობარ დათო ლომიძესთან ერთად შექმნილი ჯგუფით STRING დაიწყო. პირველი სიმღერაც ამ ჯგუფის წევრობისას დაწერა. 2003 წელს დათოს ოჯახს იმდროინდელი სოციალ-ეკონომიკური ვითარების გამო მოუწია ემიგრაციაში გერმანიაში წასვლა. დათომ ნიურნბერგის უნივერსიტეტში ფორტეპიანო შეისწავლა ჯაზის მიმართულებით, თუმცა ალტერნატიული მუსიკით შთაგონებულმა 2006 წელს თანამოაზრე მუსიკოსები შემოიკრიბა და დააარსა ჯგუფი Starpost. მცირე (The Future Is Now, 2009) და სრული(Optics, 2011) ალბომების გამოცემით, აქტიური საკონცერტო ტურებით მსმენელის შემოკრება შეძლო.

2012 წელს ჯგუფმა შეცვლილი სახელით Code Canary და შეცვლილი ჟღერადობით მცირე ალბომი Chromatics ჩაიწერა. მომდევნო, ასევე მცირე ალბომი Wolves 2014 წელს გამოიცა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 2018 წელს გამოცემული სრული ალბომის შემდეგ Code Canary-ის წევრები (დათო გაბელაიას გარდა) სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ და ჯგუფიც დაიშალა. დათო სოლო კარიერას შეუდგა სახელით Dato Alplaya - საამისო დრო მას კოვიდ პანდემიისას გამოუჩნდა. პერიოდულად გამოქვეყნებულმა სიმღერებმა დათოს სოლო პროექტის მიმართ ინტერესი წარმოშვა და მუსიკოსსაც მეტი შთაგონება მიეცა - 2022 წელს სრული ალბომი Everything Is Possible გამოსცა.