ჯგუფი LF’E I ჯგუფი „ქვემეხი"
ჯგუფი LF’E.
ჯგუფი LF’E ახალგაზრდა მუსიკოს ანი ცინცაძის იმავე სახელწოდების სოლო პროექტიდან აღმოცენდა - 2023 წლის ნოემბერში პირველი საავტორო სიმღერის How You See გამოქვეყნების შემდეგ, ანიმ ახლო გარემოცვაში თანამოაზრე მუსიკოსები, ბას გიტარისტი ლუკა კასრელაშვილი და დრამერი ერეკლე გუჯეჯიანი აღმოაჩინა. მათ გიტარისტი ნიკა გოგოლიც შეუერთდათ და დაიწყო სტუდიური მუშაობა. მიზანი იყო ანის მუსიკალური თემებისთვის ხორცშესხმა და შემდეგ კონცერტზე ცოცხლად წარდგენა. ერთ წელიწადში ეს ორივე მოხერხდა და გამოქვეყნდა ალბომი Look I’m Upside Down. მალევე მუსიკოსები ახალ მასალაზე მუშაობას შეუდგნენ და მეორე ალბომს ამზადებენ.
ჯგუფ „ქვემეხის“ ახალი ალბომი „ქვემეხი“.
ახალი ალბომი „ქვემეხი“ მეხუთე სრული ალბომია ჯგუფ „ქვემეხის“ დისკოგრაფიაში - ამათ გარდა 11 სინგლი თუ მცირე ალბომი აქვს გამოცემული. ალბომის მასალაზე სიმღერების ავტორმა და ვოკალისტმა სანდრო ქერაულმა დამოუკიდებლად იმუშავა. ალბომი 13 ოქტომბერს გამოიცა, საპარლამენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე. და ეს თარიღი შემთხვევით არ იქნა შერჩეული - ცვლილების მოთხოვნა, სურვილი თუ იმედი, ზოგადად ადვილი ამოსაკითხია ქვემეხის სიმღერებში. პოსტფაქტუმ, არჩევნების შემდეგ დამდგარი რეალობის ფონზე, ეს ნამუშევარი კიდევ უფრო მძაფრად ისმინება.