
საქართველოში მდიდარი თეატრალური კულტურის არსებობას არქეოლოგიური გათხრები, აღმოჩენილი ნივთები მოწმობს. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი - მოცეკვავე, ხარის ნიღბით. გარდა ამისა, უძველესი დროიდან ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს.