
გასული საუკუნის 80-90 წლების ალტერნატიული მუსიკალური ქუთაისის სოციალურ-კულტურული მნიშვნელობის გადაფასება ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაერთხელ მოხდა - ჯგუფები „აუთსაიდერი“ და რობი კუხიანიძე,
გოგო ჟორჟოლაძე, ჯგუფები Best History და ბუნკერი, ბაჯუ... მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად თავიანთი მუსიკით აცოცხლებდნენ თავისუფლების იდეას.
ჩამოთვლილთა ფონზე ნაკლებად წარმოჩინდა ჯგუფი „პულსი“, რომელსაც საფუძველი სოსო ივანეიშვილმა ჩაუყარა 1987 წელს. როკ მიმართულების ამ ჯგუფში სხვადასხვა დროს (1997 წლამდე) ირიცხებოდნენ: რამაზ ჭითავა, ამირან გუტიაშვილი, გელა ერაძე, მირზა ამბროლაძე, გიზო ამბროლაძე, გიორგი ქარსელაძე, მირიან თუმანიშვილი, თენგო კუხიანიძე.
„პულსის“ რეპერტუარს თავად სოსოს მიერ ქართულ ენაზე შექმნილი სიმღერები შეადგენდნენ და ძირითადად იმჟამინდელ რეალობაზე რეფლექსიას წარმოადგენდა. ცალკეული სიმღერები სხვადასხვა ცოცხალი შესრულების ვიდეოჩანაწერების სახითაა ძირითადად შემორჩენილი. (ერთ-ერთია 1996 წლის ალბომის „სიკვდილის ზღაპარი“ ვიდეო ვერსია). 2002 წელს იყო მცდელობა გოგა ჟორჟოლაძის სტუდიაში ჩაწერილიყო ალბომი, თუმცა იმის გამო რომ უკვე ემიგრაციაში მყოფი სოსო ივანეიშვილი დიდი ხნით ვერ ახერხებდა ქუთაისში გაჩერებას, ეს ნაწილობრივ მოხერხდა. ამ მასალებით აშკარად ჩანს, რომ ჯგუფ „პულსს“, მის ლიდერთან, სოსო ივანეიშვილთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა ქართული ალტერნატიული მუსიკალური ხედვის ჩამოყალიბებაში.
2000იანების დასაწყისიდან მუსიკოსი იაპონიასა და უკრაინაში ცხოვრობდა და ახალან დაბრუნდა სამშობლოში.