16 ნოე 2026, 10:04
0ბათუმში დღეს განახლდება სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა. ძლიერი წვიმის გამო საფესტივალო ღონისძიებებმა ერთი დღით გადაიწია. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, მათ შორის: მოწყობილია კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებენ, ტარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები. აჭარული სოფლის თემატური სივრცე აქვს წარმოდგენილი „გარდენია შევარდნაძეს“.
პროგრამა მოიცავს ასევე ქარგვის და კულინარიის მასტერკლასებს; ყვავილების გვირგვინების დამზადებას, თიხაზე ძერწვას, კერამიკის მოხატვას, წარმოდგენელია ხელნაკეთი ნამუშევრებისა და სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა; 18 საათიდან დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც დღეს ფოლკლორული ანსამბლები შუახევი, ათძალი, ნართი, გოგლაურა მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებებს კახაბერი და ხანუმები დაასრულებენ.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.