ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

29 სექ 2026

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა.

მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე ხორციელდება. ბათუმის წყლის ცხელ ხაზზე ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვაზე 30-მდე ზარი შევიდა. 

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის. მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდი ჩამოიშალა. შედეგად საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა გრუნტის მასა, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა.

ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.