29 ივლ 2026
ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩაქვში არსებული 6 საცხოვრებელი ბინის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს.
აღნიშნული ფართები მოსახლეობას დაკანონებული არ აქვს, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, მას შემდეგ რაც ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს საკუთრება გახდება, ის უსასყიდლოდ გადაეცემა იქ მცხოვრებთ.
დღესვე განისაზღვრა ქობულეთში, რამდენიმე ქუჩაზე საიჯარო ხელშეკრულებების საფასურებიც. კონკრეტულად დადგინდა ფასები სწრაფი ჩასარიცხი აპარატების ტროტუარზე განთავსებისთვის, ასევე კვების ობიექტებისთვისაც.
კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა 2 წევრით გაიზარდა და საქმიანობას 19 წევრით გააგრძელებს. საკითხის მომხსენებლის, დეპუტატ დავით წულუკიძის თქმით, ეს საბჭოს მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ამ ცვლილებით კი საბჭოს საქმიანობა შესაბამისობასი მოვა ორგანულ კანონთან. დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა კომპანია ,, ბამბუ ბიჩ ციხისძირის ” მოთხოვნას , რომელიც ბობოყვათში, აბაშიძის 90 ნომერში, ახალი, 15 სართულიანი აპარტჰოტელის მშენებლობისთვის ნებართვას ითხოვს.
ამ ტიპის ობიექტი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს, ახლა კი კომპანია ანალოგიური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. დეპუტატებს საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ, რომლებიც ,, ბამბუ ბიჩ ციხისძირის ” მიერ საპარკინგე ზონის მოწყობას ეხებოდა.