ხულოს მერია სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 ივლ 2026

ხულოს მერია სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

"საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ დანისპარაულში, ენგენაურის უბანში, ხიდის მშენებლობის სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ.

აღნიშნულ პროექტზე ტენდერი გამოცხადდა 2025 წლის 24 იანვარს. გამარჯვებული გამოვლინდა შპს „გიგა 2015“, რომელთანაც 2025 წლის 11 მარტს გაფორმდა №37 ხელშეკრულება.

ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვადაში არ განახორციელა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო.

კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 60%. მიმდინარე წელს სამუშაოები არ გაგრძელებულა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას დღემდე ერიცხება შესაბამისი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია კომპანიის დირექტორის, რომან ბოლქვაძის, ნათესაური კავშირის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე სახის კავშირს ტენდერის პროცესთან, პროექტის განხორციელებასთან ან გადაწყვეტილებების მიღებასთან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ყველა პროცედურა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია იმოქმედებს ხელშეკრულების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.