16 ივლ 2026
ზოგადად, მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს ეხება. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, თუ რას ნიშნავს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ტერორიზმი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა გზავნილია, რომ ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობს.
„დღეს ძალადობა, რადიკალიზმი და ტერორიზმის ზღვარზე მყოფი ექსტრემიზმი გამოიყენება გარედან ჩარევის ინსტრუმენტად, რათა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების რადიკალიზაცია მოახდინონ, შემდეგ ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ, რათა გარე ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ სხვა ქვეყანაში. სხვათა შორის, ვნახეთ, რომ ამ მხრივ იხარჯებოდა ფული საქართველოში, რათა გადატრიალების, რევოლუციების, რადიკალიზაციის სხვადასხვა სცენარი განეხილათ, ესწავლებინათ მეთოდები რადიკალური პროტესტისა. ამის შედეგი იყო, როდესაც ძალადობით ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის აღებას, პარლამენტის გადაწვას და სხვა მსგავს ქმედებებს. ეს პირდაპირ აჩვენებს, რა შედეგამდე მიჰყავს საქმე პოლიტიკურ ტერორიზმს. ამიტომ, საქართველოს თავისი სათქმელი ექნება ამ კონფერენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია საქართველოს მონაწილეობითა და ჩვენი მოსაზრებების გაზიარებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.