16 ივლ 2026
არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, დარჩება თუ არა ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია, სინამდვილეში კი, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან.
„ზოგადად, იქნება ეს ალიანსი, ცხრიანი, ოთხიანი, შვიდიანი თუ სხვა, არის მხოლოდ მოჩვენებითი ფორმები, რომელიც გამოიგონება, რომ სიმართლე არ დაგვანახონ. სიმართლე კი ერთია – არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. ესენი არის ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან – რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ. არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა აქ არ არსებობს. ეს ფარსი ნანახი გვაქვს, მათ შორის – პარლამენტში. წინა მოწვევის პარლამენტში ვნახეთ, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გავიდა ფრაქციიდან, პარტიიდან, ასევე მას და რომან გოცირიძეს ჰქონდათ ვითომ ცალკე ჯგუფი, შემდეგ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნახეთ დაბრუნებული და ლიდერობის მსურველი. იგივე ითქმის ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, გვარამიაზე. ეს ხომ ნანახი სცენარია, თითქოს დაიშალნენ. ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია. სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან. დავალებებს იღებენ პირდაპირ გარედან და იმას ასრულებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.