16 ივლ 2026
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებული ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
"დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.