ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

15 ივლ 2026

არაფერი სარკასტული ამ განცხადებაში არ იყო. ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას.

გვარამიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

პაპუაშვილის თქმით, "ამიტომ გვექაჩებოდნენ ომში" ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები.

„რადგან ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი ქალაქები და სოფლები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა, ამიტომ არ შეხვდება არაფერი საქართველოს. ამიტომ გვექაჩებოდნენ ომში. სწორედ ამიტომ ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები, ისინი, ვინც პარლამენტის შიგნით იყვნენ და ისინი, ვინც პარლამენტის გარეთ იყვნენ ენჯეოები, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში, ამიტომ გვითრევდნენ ომში, რომ ომის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებსა თუ ტრილიონებზე წვდომა ჰქონოდათ. ფული, ეს არის, რაც მათ თვალწინ აფარებული აქვთ, რაზეც ფიქრობენ, რომ სარგებელი ნახონ ომიდან.

 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც ომისგან ყოველთვის სარგებელს ნახულობენ და ამიტომაც არის ხანდახან ზოგიერთი ომი განპირობებული, რომ ხელს ითბობს ზოგიერთი ჯგუფი. ამ ადამიანმა პირდაპირ თავადვე განაცხადა, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, რომელსაც სურდა საქართველოში ომი იმისთვის, რომ შემდეგ ფინანსურად ხელი მოეთბოთ ამ ყველაფერზე. ეს მხილებაა საკუთარი თავის იმაში, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვხედავდით, ასე უყურებდნენ 2008 წლის ომსაც, მიიღეს 4 მილიარდი და ამით იყვნენ ბედნიერები.

 

რაიმე ჩაანაცვლებს იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ 2008 წლის ომში? როგორც ჩანს გვარამიას, მისი პოლიტიკური თანამოაზრეების და ამ აგენტურის თვალში, ამ სიკვდილის და ნგრევის კომპენსაცია არის ფული. ფულად უღირთ ყველაფერი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.