ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას, ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ - შალვა პაპუაშვილი

15 ივლ 2026

ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოსთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთოს ექნება ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია აღიდგინოს.

„ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა ,,თვალების დახუჭვამ'' საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასევე ხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებზე, პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და მივედით, სადაც ვართ დღეს, რომ ომები ისე იწყება, რომ არავინ არ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება დღესდღეობით სამყაროში მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელიც აჩვენებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული.

„ზოგადად, რეზოლუცია კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევა. ამიტომ არის, რომ დღეს ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგული აქვს ფუნქცია და არიან დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფებიდან პოლიტიკური ბოღმის ამონთხევა. რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისი დასკვნა - ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე - რეზოლუციაში. ეუთოს ამ დასკვნით აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც ქართველი ხალხის თვალში ძირი გამოუთხარა ეუთოს მიმართ ნდობას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ეუთოსთან მომავალი თანამშრომლობის შანსებსა და დამოკიდებულებაზე.

„ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს დამოკიდებულება, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ საკუთარ თავს აზიანებენ, აქ ჩვენ უძლური ვართ. როდესაც ქართველ ხალხს თავად აჩვენებენ, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის მიმართ მტრული და არამეგობრული ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვუშველით. ამიტომ ეუთომ თავად უნდა იზრუნოს, გამოისწოროს რეპუტაცია. რამდენადაც გამოისწორებს იმდენად მჭიდრო იქნება თანამშრომლობა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.