07 ივლ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 236 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.