ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება - პაპუაშვილი

08 ივნ 2026

ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ​ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, „11 ივნისს საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის პირველი დიალოგი შედგება, რას ელოდებით?ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულებაა, ჩატარდეს ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები.

სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „შემდეგ კვირაში მორიგი რეზოლუცია განიხილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. ერთ-ერთი ავტორი არის რასა იუკნევიჩიანე. საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რა ფასი აქვს თქვენთვის ამ რეზოლუციებს?“

„არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში. მათ პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, უპირველესად ყოვლისა, ბრიუსელმა. მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს როცა ახორციელებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აღებული აქვს ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, სტატუსის უპატივცემულობაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს მტრული პოლიტიკა შეწყდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.