ეს დიდი პატივია და მძიმე ჯვარიც, მადლობა ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის - შიო III

11 მაი 2026

ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და მრევლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, იწოდებოდეს ახალ პატრიარქად.

„უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის  მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელიეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.