საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს

11 მაი 2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

გაფართოებულ კრებას ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრება. 

სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება.

საარჩევნო პროცესს სპეციალური კომისიები უხელმძღვანელებენ, სადაც ფარულ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება პატრიარქობის სამ კანდიდატს - მეუფე შიოს, მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს, ასევე ეპარქიების წარმომადგენლებსა და დელეგატებს.

სიტყვით სარგებლობის შემდეგ ჩატარდება დახურული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება.

კრება დახურული იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში კრების გახსნის, კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამოცხადების ტრანსლაციას უზრუნველყოფს.