10 მაი 2026
სლოვაკეთში გვექნება საუბარი ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, ასევე მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სლოვაკეთს აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ.
„გვაქვს შესაძლებლობა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს. შეხვედრა მექნება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე კოლეგებთან სლოვაკეთის პარლამენტში. გვექნება საუბარი უპირველეს ყოვლისა ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით.
ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე, საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ სლოვაკეთში.
ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანია, რომ იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენმა მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვებში. ასე რომ, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით სხვა ქვეყნებზე არამეგობული პოლიტიკის მიმართ სლოვაკეთის მხრიდან მეგობრული პოლიტიკის გატარება.
სლოვაკეთის ხელისუფლებას ვაკვირდებით, რომ აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან გვქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ სხვა მათ კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი, საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება თავად ევროკავშირს და რა თქმა უნდა, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.