09 მაი 2026
სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო მამუკა მდინარაძის მოწოდება ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ მსგავსი საქმიანობა.
„ამ საქმის დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება კადრებს, საჭირო გახდა მისი ნაწილის გასაჯაროვება, რადგან კიდევ ერთხელ ვნახეთ რაღაც ყალბი ისტორიის მოყოლისა თუ ნარატივის დალაგების მცდელობა. ასე რომ, საჭირო გახდა, სახელმწიფოს ეჩვენებინა. საერთო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ შემთხვევაში, მისი კონტრდაზვერვითი მიმართულება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ, მეგობარ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი. სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, ვინაიდან შესაბამისი ყველანაირი, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი აქვს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სათანადო რეაგირება ჰქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.