საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება

07 მაი 2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, გაფართოებული კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).