პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა - დონალდ ტრამპი

26 აპრ 2026

პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე განხორციელებული სროლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას და მის გუნდს არ ჰქონდათ ინფორმაცია სროლის ინციდენტამდე რაიმე სახის მუქარის შესახებ.

„რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეუტია და ის საიდუმლო სამსახურის მამაცმა წევრებმა გაანეიტრალეს, რომლებმაც ძალიან სწრაფად იმოქმედეს. კაცი დააკავეს. ერთი ოფიცერი დაჭრეს, მაგრამ გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა. ახლახან ვესაუბრე ოფიცერს და ის შესანიშნავად გრძნობს თავს, შესანიშნავ ფორმაშია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა მომხდარი სროლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაკავებულის სურათი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს.

მედიის ცნობით, აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ.