28 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს.
"მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.