აჭარის ჯანდაცვის მინისტრის საათი უმაღლეს საბჭოში

26 მარ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ფორმატში, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, 2025 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 99.6%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს 8%-ით გაიზარდა და 87.5 მლნ ლარს მიაღწია. სამინისტრო 38 პროგრამას ახორციელებს, რომლითაც 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შშმ პირებს, აუტიზმის პროგრამის გაფართოებას და ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვას. ასევე მიმდინარეობს სოციალური და დემოგრაფიული მხარდაჭერის,  საცხოვრისით უზრუნველყოფის  და ეკომიგრანტთა დახმარების პროგრამები.

მინისტრის თქმით, 2025-2026 წლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისთვის 1056 ოჯახის დასახმარებლად გამოიყო 11 მილიონ 665 ათას 981 ლარი. ხოლო სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის მიზნით დაფინანსდა 2 ათას 144 ბენეფიციარი, გამოიყო 12 მილიონ 832 ათას 346 ლარი.

სამინისტრო ასევე ახორციელებს სოციალური და დემოგრაფიული მხარდაჭერის პროგრამებს — ფუნქციონირებს საცხოვრისები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, გრძელდება უშვილობის მკურნალობის დაფინანსება და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა.

მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები, რომელსაც მინისტრმა რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში უპასუხა.