19 მარ 2026
პრემიერმა, ჟოლტ შემიენმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
ჟოლტ შემიენი მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ „მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მას რწმენისა და სულიერების გზამკვლევად ქართველი ერის ნამდვილ საყრდენად მიიჩნევდნენ“.
„თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, უფალში განისვენა. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი უნგრეთის მთავრობის სახელით.
პირადად მე, მადლიერებით ვიხსენებ 2023 წელს მისი აწ განსვენებული უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ თბილისში ჩემს მიღებასა და უნგრელი ერისთვის მისი კურთხევის მიღების პატივს. უდავოდ, მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მას რწმენისა და სულიერების გზამკვლევად (beacon of faith and spirituality), ქართველი ერის ნამდვილ საყრდენად მიიჩნევდნენ.
ქრისტიანობას, მართლაც, განსაკუთრებით ევროპაში, სჭირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისია რწმენის განსამტკიცებლად და მშვიდობის დასამკვიდრებლად. უფალს ვთხოვ, რომ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობასა და წმინდა სინოდის წევრებს მიანიჭოს ძალა და სიბრძნე, მისდიოთ ღვთის ნებას საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიის ამ განსაკუთრებულ მომენტში. გთხოვთ, ყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.