ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, მარადიული იყოს მისი ხსოვნა - მართლმადიდებელი ეკლესიები

18 მარ 2026

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ – ნათქვამია წერილში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. 

"ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.

პატრიარქს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 1979 წლის მაისში შედგა," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“, – წერს მთავარეპისკოპოსი ელია.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმრის ტექსტში აღნიშნავს, ილია მეორის პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი უძვირფასესი თანამოძმისა და თანამსახურის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო. ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა მასზე ზრუნვასა და კეთილმოწყობას.

 

თითქმის 50 წლის განმავლობაში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში. თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა" -  ნათქვამია რუსეთის პატრიარქ კირილეს სამძიმრის ტექსტში.

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სამძიმრის ტექსტში.

„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.