17 მარ 2026
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი.
„ექიმების მსჯელობიდან რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ პირველი აუცილებელი მანიპულაციის შემდეგ პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ, როგორც მძიმეს. რაიმე შემდგომი მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭიდან საკმაოდ ინტენსიური სისხლის დენა ჰქონდა. მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ, ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.