პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

17 მარ 2026

უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს, მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი არ შეცდა. ამომრჩევლის 54%-მა საქართველოს 1 120 000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.

„ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე. დღეს პარლამენტში გვყავს ერთით მეტი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე, როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია.

მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, მაგრამ, საბოლოოდ, თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს. ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ჩარჩოს, რომელშიც ის უნდა ვითარდებოდეს.

„ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართულ მართლმსაჯულებასთან, იმისთვის, რომ დღეს კვლავ ქედმაღლურად ეჭვქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს. დამარცხდა სტრასბურგში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, რუსთავი 2-ის საქმეებში; დამარცხდა პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟებში ხაზარაძის საქმეში. ყველა იმ საქმეში, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნად წარმოაჩენდნენ, საბოლოოდ სამართალმა სხვა რამ თქვა.

ამის შემდეგაც იგივე ბრალდებების გამეორება უკვე სამართლის უზენაესობის დაცვა კი არა, უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდაა. ამიტომ, ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს მისი ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და გაემიჯნოს ძალადობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, როგორც პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტს.

დაბოლოს, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროქართულობა არის მათთვის ერთადერთი საზომი.

„დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი - პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა „პრო-ორიენტაცია“ საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს. ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ, ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საკონსტიტუციო ორგანოებს დაუბრუნდათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.