პრეზიდენტის სასახლეში ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

09 მარ 2026

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შეკრებილ სპორტსმენებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, და სპორტის მინისტრმა მიმართეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა და  ისტორიაში პირველად, მედალი მოიპოვა.

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში, ორი პროგრამის ჯამში,  დაგროვილი ქულებით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ანასტასია გუბანოვამ ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ეს კი საქართველოს მიერ ქალთა კატეგორიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ნიკა ეგაძემ კაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.

ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.