17 თებ 2026
საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების ჩანაფიქრი, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
„4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ. ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შეიძლება იყოს. ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს. ქართველი ხალხის სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და მომავლის წინაშე, არჩეული ხელისუფლებისადმი მისი ნდობა რომ არა, პროცესები საქართველოსთვის ტრაგიკულად განვითარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებს მიუძღვით და მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის.
„ძალადობრივი რევოლუციის მეხუთე მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს მიუძღვით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის. ჩვენს ჯარისკაცებსა და საჯარო მოხელეებთან ერთად, თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დაუღალავად ზრუნავთ სახელმწიფოს მდგრადობაზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობის დაცვაზე, რასაც მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება. თითოეული ჩვენგანის ვალია, არავის მივცეთ უფლება, გაანადგუროს ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი, რომელსაც ასე სიფრთხილით და სიყვარულით ვაშენებთ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.
"ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ. ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აქვე აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
ცალკე აღვნიშნავ სერბეთში ჩემ მეგობრულ და საქმიან ვიზიტს. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდა ხორვატიის პრეზიდენტი, რომელთანაც ასევე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სამომავლო ურთიერთობებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.
ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში – გაერო-ში ვიზიტი. ეს პლატფორმაც გამოვიყენეთ, რათა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მთავარი სათქმელი – საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და აშშ-სთან.
„საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს თანხვედრა, შესაბამისად, ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.