საბედნიეროდ, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ და, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ - მიხეილ ყაველაშვილი

12 თებ 2026

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.

„ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები

„აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ვიყოთ გულწრფელი. ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის მზად ვართ, გავაგრძელოთ ურთიერთობები ნებისმიერ დონეზე, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულებითაც არ უნდა იყვნენ ევროპელი ბიუროკრატები. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რისი დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება.