28 თებ 2026
სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი „ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად“ და ირანელებისთვის „პირობების შესაქმნელად“, რათა შეცვალონ თავიანთი ბედი – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი ყვიროდა: „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ხოცვა-ჟლეტა მოუწყო საკუთარ ხალხს. ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რომელიც საშუალებას მისცემს, საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ეთნოსმა – სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა – მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობის მაძიებელი ირანი.
მოგიწოდებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, დაიცვათ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები. უახლოეს დღეებში, ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დროს ყველა ჩვენგანს მოთმინებისა და შინაგანი ძალის გამოვლენის ვალდებულება ექნება. ერთად დავდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველვყოფთ ისრაელის მომავალს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა: „უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, გარდაუვალი სიკვდილი გელით“.