თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება - ტრამპი ირანელ ხალხს

28 თებ 2026

თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება, - ამ სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა.

„ირანის დიდებულ და ამაყ ხალხს დღეს საღამოს ვეტყვი, რომ თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება. დარჩით თავშესაფარში. სახლები არ დატოვოთ. გარეთ ძალიან საშიშია. ბომბები ყველგან დაეცემა. როცა ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ ხელში მმართველობა. ის თქვენი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი შანსი“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დროა ირანელმა ხალხმა ხელში აიღოს საკუთარი ბედი.

„მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ითხოვდით ამერიკის დახმარებას, მაგრამ არასდროს გქონიათ ის. მაშ, ვნახოთ, როგორ უპასუხებთ ამას. ამერიკა დიდი ძალითა და სიძლიერით გიჭერთ მხარს. ახლა დროა აიღოთ ხელში საკუთარი ბედი და აღმოაჩინოთ აყვავებული და დიდებული მომავალი, რომელიც ძალიან ახლოსაა. მოქმედების დროა. არ გაუშვათ ხელიდან“, - აცხადებს ტრამპი.

დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.