ტრამპი გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის

22 თებ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ, მრავალთვიანი ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით, გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და სრულიად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ამომწურავი განხილვის შემდეგ ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე არ გამოვჩნდი მე) სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა, ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.