ე.წ. ქოლცენტრების საქმე

20 თებ 2026

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ პირებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, საქმის პროკურორმა ისაუბრა.

მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა. სასამართლო განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, ელისო კილაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდების მიხედვით 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში თაღლითური ე.წ. ქოლცენტრები ფუნქციონირებდა.

საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.