26 აპრ 2026
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა, პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება.
„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.
ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.