ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

20 თებ 2026

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სოციალური მომსახურების სააგენტო" იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, უწყების მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა.

"ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.

დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე, იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას, ვერც ახლა და ვერც წარსულში. ამგვარად, შესაძლებელი იქნება, რომ ბაზა გახდეს რეალური," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.