მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი - მიხეილ ყაველაშვილი

08 თებ 2026

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ, რათა ჩვენი ურთიერთობები შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მარკო რუბიომ განაცხადა ისიც, რომ ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ, რათა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.

„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება, როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, რადგან არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში. ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა, ამ კონტექსტში იყო განხილული. პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ, ყველაფერი გაანალიზონ და სათანადო, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.