პოლიციამ ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

07 თებ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი, 2006 წელს დაბადებული ხ.ბ. და 2001 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთის მუნიციპალიტეტში სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ, ჯამში, 12 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ქურდავდნენ“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.