სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის აფრიკული სარდლობის ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

25 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის აფრიკული სარდლობის (U.S. AFRICOM) ორგანიზებულ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) კოორდინაციით განხორციელებულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, სწავლების პერიოდში, სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულi ამოცანების შესრულებას.

„Phoenix Express საერთაშორისო საზღვაო სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს პროცედურების, ტერმინოლოგიისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მართვის მოდელის ათვისებას. სწავლება ფოკუსირებული იყო საზღვაო აღკვეთ ოპერაციებზე, ინფორმაციის ეფექტიან გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.